კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი გადაიდება. რეგიონების გარდა, რომ სამუშაოები შეფერხდება დედაქალაქშიც, თბილისის მერმა ეს უკვე განაცხადა, როგორც წესი, საარჩევნო წელს, ყოველთვის ბევრი პროექტი ხორციელდება, მაგრამ ეს ტრადიცია წელს პირველად დაირღვევა და ამას ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სპეციალისტებიც ადასტურებენ.

“საქსტატმა” 2020 წლის მარტის ეკონომიკურ მაჩვენებლები გამოაქვეყნა. შედეგად გაირკვა, რომ მშპ უკვე 2.7%-ით შემცირდა. სამშენებლო სექტორი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორთან ერთად, ის გამონაკლისია, სადაც მარტში ზრდა აღინიშნა. ამ მიმართულებასში, ძირითადად, მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოიაზრება. სამაგიეროდ, 33%-ით არის შემცირებული მარტში ექპლუატაციაში შესული მშენებლობების ფართობი. არადა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ არ დაწყებულა და შესაბამისად, უფრო რთული იქნება შედეგი პერიოდი. ახლა მთავარი ისაა, რა დაპაუზდება, იქნება ეს მხოლოდ ლოკალური მშენებლობები, თუ გლობალური მასშტაბის პროექტებსაც შეექმნება საფრთხე, მაგალითად, მაგისტრალების მშენებლობას. ერთი რამ კი აქედანვე შეიძლება ითქვას, გაურკვეველი ვადით გადაიწევს, ანაკლიიის პორტისათვის ინვესტორის ძიება. 

პროექტების რაღაც ნაწილი გაგრძელდება და ამას გახარიას კაბინეტის გადაწყვეტილებაც ადასტურებს. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფომ სამშენებლო მასალების ფასის ზრდა 200 მლნ ლარის ოდენობით უკვე დააზღვია.

კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები რომლებსაც ისინი თბილისში ახორციელებდნენ, პრაქტიკულად, არ შეჩერებულა, თუმცა რეგიონებში პრობლემები შეექმნათ, რადგან ამ დრომდე მუშაობის განახლებისთვის ეკონომიკის სამინისტროდან ნებართვებს ელიან. ასეთი ვითარება უკვე 3 კვირაა გრძელდება.

“ჩვენ ვმუშაობთ წყალტუბოდან ხონში გადასასვლელ პროექტზე, რომელიც ახლა გაჩერებულია. ასევე, შეჩერებულია ხარაგაულის რაიონში არსებული პროექტი, ჩხორუწყუში ერთი მშენებლობა – ნებართვა არ გვაქვს”, – განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

იქ, სადაც შემცირების მოლოდინი ნაკლები იყო, მაინც მოხდა მინიმუმ ერთი წლით გადავდება. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, რომელზე უარის თქმაც მერიას ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევს, 2021 წელს გაგრძელდება.

„თუ ჩვენ არ მოგვიწევს თანხების შეზღუდვა და ისე გამოვალთ ამ რთული მდგომარეობიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ინფრასტრუქრურულ პროექტებს. თუკი, პრობლემა იქნება და თანხების მიმართვა სხვა მიმართულებით გახდება საჭირო, მაშინ, რა თქმა უნდა, შევწყვეტთ, არ გავაფორმებთ ხელშეკრულებებს და პროექტები ვერ განხორციელდება წელს. ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ არ ვაპირებთ ამ პროექტების განხორციელებას. უბრალოდ, პრიორიტეტები იცვლება არსებული რეალობიდან გამომდინარე“, – განაცხადა  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

სპეციალისტები ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ადასტურებენ, რომ პროექტების დიდი ნაწილი მომავალი წლისათვის გადაიდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას პარლამენტისთვის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი არ წარუდგენია, ეს უკვე ნათელია. 

ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე, იმ მიზეზებს აანალიზებს, რასაც კორონავირუსი გამოიწვევს. ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნა გაურთხილდეს კომპანიებსა და ინვესტორებს. 

,,კოვიდ 19-ის გავლენამ შეიძლება გამოიწვიოს იურიდიული ვალდებულებების ცვლილება, შესრულების ვადების გადაწევა, საინვესტიციო ინტერესების გადაფასება, ვალუტის კურსიდან გამოწვეული ხარჯების ზრდა და ახალი მოთხოვნების ფორმულირება. ეს კი გამოწვევის წინაშე აყენებს როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებს, ისე სახელმწიფოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფორსმაჟორული მდგომარეობა იძლევა ვალდებულებების ახლებურად ფორმირების შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, სტანდარტებისა და ნორმის ფარგლებში. ვალდებულებების ცვლილებით სარგებლობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური სარგებლობის მიზეზად. არამედ ემსახურებოდეს მასშტაბურ განვითარებას.

ბუნებრივია, ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნია სასიცოცხლო მნიშვნელობა და ეკონომიკური ძალა. მართალია, პანდემიამ შეაფერხა სამუშაოები, თუმცა მთავარია პროექტები სრულად არ გაჩერდეს და დროულად შესრულდეს. 

საჭიროა გავუფრთხილდეთ კომპანიებსა და ინვესტორებს. ვიზრუნოთ და შევინარჩუნოთ ისინი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიამ ანდა სხვა მოვლენებმა, არავის უნდა გაუჩინოს სურვილი, რომ უფრო მეტი სარგებელი მოითხოვოს, ვიდრე ქვეყნისთვის მათი საინვესტიციო სარგებელია“, – განაცხადა აბულაძემ. 

პროექტების დიდი ნაწილის გადედების მოლოდინი აქვს აკადემიკოს, ავთანდილ სილაგაძესაც. წელს, დიდი ალბათობით, კორექტირებულ ბიუჯეტში მოხვდება მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორები და პროექტები, რადგან ახლა, მსოფლიოსათვის მთავარი ამოცანა, ადამიანების ფიზიკური გადარჩენაა. 

,,ბუნებრივია, პანდემიასთან ბრძოლაც და მისი შედეგების გამო სოციალური პროექტების დიდი მასშტაბიც, რაღაცის ხარჯზე განხორციელდება. მათ შორის, გარკვეული ინფრასტრუქტურის ხარჯზე, რომელიც არ არის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა ბიუჯეტიდან, როგორც წესი, ამ მიმართულებით მიიმართება. ბუნებრივია, წელს დაგეგმილი ტემპის შენარჩუნება წარმოუდგენელი იქნება. ალბათ შედეგ წლებში გაგრძელდება პროექტების ნაწილი. 

ამ წუთში ჩვენი და ზოგადად მსოფლიოს მთავარი ამოცანა ადამიანების ფიზიკური გადარჩენაა. ამიტომ ბიუჯეტის ფარგლებში რეზერვების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურიდან გამონთავისუფლდება”, – განუცხადა სილაგაძემ “ბიზნეს-,რეზონანსს“. 

ახალი კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა, 21 მარტიდან კი  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ეკონომიკა, პრაქტიკულად, გაჩერებულია, მშენებლობები – შეწყვეტილი, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი – დაპაუზებული.

 

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.