მსოფლიოს რიგი სახელმწიფოების მთავრობები მიუხედავად ეპიდემიოლოგების პოზიციისა, კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ნელ-ნელა ხსნიან, ზოგიერთი სახელმწიფო კი კონკეტული ნორმის მოხსნით, გარკვეულ რისკზეც წავიდა.

დაწესებული რვაკვირიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ იტალია პირველად შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს, 4 მაისიდან დასაშვები იქნება ნათესავის მოსანახულებლად გასვლა. შესაძლებელია სახლიდან საცხოვრებელ რეგიონში გასვლა, თუმცა, რეგიონებს შორის მიმოსვლა კვლავ აკრძალული იქნება, ასევე, გაიხსნება პარკები და სკვერები. შესაძლებელი იქნება გარეთ ვარჯიშიც.

იტალიაში შეზღუდვის გამარტივება ქარხნებსა და მშენებლობებსაც შეეხებათ, ხოლო სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები სავარაუდოდ პირველი ივნისიდან გაიხსნება.

რაც შეეხება ესპანეთს, აქ მუშაობის უფლება მცირე ბიზნესის ნაწილს ეძლევა,ზომების შემსუბუქების პროცესი ეტაპობრივი იქნება და გამოცხადებული გეგმის მიხედვით ოთხ ფაზად დაიყოფა.

ირანი კი ქვეყნის იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების სიხშირე დაბალია, მეჩეთების და სკოლების გახსნას გეგმავს.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან” ამბობს, რომ ქვეყნების ხელისუფლებებმა დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს.

„მსოფლიო ქვეყნები და მათი ლიდერები თანდათან ხვდებიან, რომ ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება, იქიდან გამომდინარე, რომ, მართალია, ჯანდაცვის სპეციალისტები მოითხოვენ, შემზღუდავი ღონისძიებები გაგრძელდეს, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუარესება, მთავრობებს პოლიტიკურ ელიტებს და მათ შორის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს უბიძგებს, რომ გამოსავალი ეძიონ.

« ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროპის ქვეყნებმა მიიღეს, მაგალითად, ჩეხეთმა ცნობილია, რომ პირველად საზღვარი გახსნა, ბევრი ქვეყანა გერმანია, ავსტრია და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ცდილობს, რომ სხვადასხვა პროცედურები გაამარტივოს და ხელ-ფეხი გაუხსნან ბიზნესს, ტურიზმს.

„განსაკუთრებით ტურიზმის სფეროს წამოსაწევად ქვეყნები სხვადასხვა მომხმარებელს სთავაზობენ, რომ გზის ნახევარი თანხის გადახდით, ან მსგავსი რამით წაახალისონ ტურისტები, განსაკუთრებით ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, რომლებიც ტურისტულ შემოსავლებზეა დამოკიდებული, ისევე, როგორც საქართველო.

« მათთვის ეს სერიოზული დარტყმაა და ბუნებრივია ცდილობენ, რომ აქედან გამოსავალი იპოვონ და მიუხედავად კარანტინის აუცილებლობისა, თანდათანობით ამ ქვეყნების უმრავლესობა მიდის იქითკენ, რომ (რასაც სპეციალისტები გვეუბნებიან) ვიცხოვროთ კოვიდ-19-თან ერთად” – განაცხადა მან.

მისივე თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღის არსებობისას, მსოფლიო ლიდერი ქვეყნები უფრო მომზადებულები შეხვდებიან და იგივე შეცდომას აღარ გაიმეორებენ.

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მეორე ტალღის არსებობისას შეძლებენ თუ არა ქვეყნები შეკავებას, წინასწარ თქმა რთულია, მაგრამ, ფაქტია, რომ იმ შეცდომას, რაც ერთხელ დაუშვეს, არ მგონია რომ მეორეჯერაც დაუშვან.

« მიუხედავად კორონავირუსზე სუსტი პასუხისა, რაც წამყვანმა ქვეყნებმა გასცეს, სწორედ ამ ქვეყნების წარმომადგენლების მონდომებასთანაა დაკავშირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებაც,

„არ მგონია, რომ ეს განვითარებად ქვეყნებმა შეძლონ, ამიტომ დღეს იქნება თუ ხვალ, დრო სჭირდება, მაგრამ ვაქცინას აუცილებლად გამოიგონებენ და რაც მთავარია დღეს უკვე სცენარები იწერება და ისინი მზად არიან და მათ შორის ვარაუდები არსებობს, რომ შემოდგომაზე შესაძლოა მეორე ტალღა დაიწყოს და პირველ ტალღასთან შედარებით, როდესაც ისინი მზად არ იყვნენ, ბუნებრივია ეს სახელმწიფოები უფრო მომზადებულები დახვდებიან.

„ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, აქამდე პრიორიტეტული ტერორიზმთან და სხვა საკითხებთან ბრძოლა იყო მთავარი და პანდემია შედარებით მეორეხარისხოვანი. ბუნებრივია, ამის შემდეგ პრიორიტეტები გადმოიწევს და ვირუსულ და პანდემიურ საფრთხეებს დიდი ყურადღება მიექცევა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციების არსს მთლიანად შეცვლის” – განაცხადა კაკაჩიამ.

 

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.