ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში ახალ კორონავირუსზე ტესტირებების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, ამის ფონზე ვირუსის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.მაგალითად, 2 მაისს, ტესტირება 1300-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა, აქედან კოვიდ-19 მხოლოდ 16-ს აღმოაჩნდა. წინა დღეებში კი, როდესაც გაცილებით ნაკლები ტესტირება ტარდებოდა, მატება საშუალოდ 25-27 იყო, რაც, მედიკოსების ნაწილის შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი საქართველომ უკვე გადაიარა.

თუმცა, მიუხედავად ინფიცირების ასეთი დაბალი მაჩვენებლისა, ინფექციონისტები მაინც ერთგვარ სიფრთხილეს იჩენენ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე გაუქმების შესაძლებლობაზე საუბრისას. მათი შეფასებით, უმჯობესია ჯერ ეპიდემიის დინამიკას დავაკვირდეთ და თუ კლების ტენდენცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდა, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაზე შემდეგ ვიფიქროთ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „რეზონანსს” უთხრა, დღეს ინფიცირების პიკი შესაძლოა გადავლილად ჩავთავლოთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მზად არის გატარებული შეღუდვები დროზე ადრე მოხსნას, რადგან შედეგად შესაძლოა ეპიდემიის მორიგი „აფეთქება” მივიღოთ:

„გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ პიკი გადავიარეთ. რამდენადაც მცირე რაოდენობაა, გასაგებია, რომ ინფიცირების რაოდენობა მცირდება. გარკვეულწილად, ძალიან ნელა, უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს შეზღუდვების მოხსნა, რომ ისევ არ წამოვიდეს პიკი,” – თქვა ენდელაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელი სტატისტიკა მოწმობს პიკის გავლას და თუ დადებითი დინამიკა შენარჩუნდა, შეზღუდვების მოხსნა, როგორიცაა ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება და ჩაკეტილი ქალაქების გახსნა, შესაძლოა ვადაზე ერთი კვირით ან ათი დღით ადრე მოხდეს:

„ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ პიკი ან გადავიარეთ, ან ამ ფაზაში გადავდივართ. პიკი დაახლოებით დგება შიდა გადაცემიდან მე-6 კვირას, რომელიც წინა კვირაში იყო. თეორიულად შესაძლებელია და დინამიკა, რომ სამიზნე პაციენტებში ნაკლები დადასტურებული შემთხვევაა, მიუთითებს იმას, რომ პიკი გადავიარეთ, თუმცა, ჯობია დინამიკას ერთი კვირა დავაკვირდეთ და შემდეგი კვირის ბოლოს უფრო დაზუსტებით შევძლოთ საუბარი.

„უნდა მოხდეს შეზღუდვების მოხსნა ერთი კვირით ან ათი დღით ადრე, მაგრამ არ მგონია ეს ათი დღე რამეს ცვლიდეს. ამიტომ ჯობია, როგორც დაანონსებულია, სიფრთხილის გათვალისწინებით, 22 მაისს მოხდეს შეზღუდვების მოხსნა მიუხედავად იმისა, რომ მეტად დადებითი დინამიკა გვაქვს, ვიდრე სავარაუდო იყო,” – აღნიშნა გოგინავამ „რეზონანსთან” საუბრისას.

ჯანდაცვისა სპეციალისტი ვატო სურგულაძე„რეზონანსთან” განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს. მისი შეფასებით, ბოლო დღეების სტატისტიკა არ მოწმობს იმას, რომ ერთგვარი პიკის ფაზა უკვე გადავიარეთ, რადგან დღეს თუ ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია, ხვალ შეიძლება ორჯერ მეტი იყოს.

ამასთან, საჭიროა ინფიცირების დაბალი მაჩვენებელის და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია 10-14 დღე მაინც გაგრძელდეს, რომ პიკის გადავლაზე ვისაუბროთ.

„ეს პიკის გადავლას ნამდვილად არ ნიშნავს, რადგან უნდა გვქონდეს მდგრადი ცვლილება – შეიძლება ხვალ 35 იყოს,არავინ იცის. როდესაც მივიღებთ მდგრად ტენდენციას, რომ ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, ამავე დროს იკლებს აქტიური პაციენტების რაოდენობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც ეტაპი გადავლახეთ. თუმცა, შეიძლება მეორე ტალღაც წამოვიდეს და ეს მეორე ტალღა ჩვენთანაც იყოს.

„მუდმივად კლების ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს და როდესაც ეს ტენდენცია 10-14 დღის განმავლობაში ერთნაირი იქნება, ვიტყვით, რომ მძიმე ეტაპი გადავიარეთ,”- თქვა სურგულაძემ.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ აკძრალვებს, მისი თქმით, შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე უნდა მოიხსნას, რადგან უსარგებლოა და ვირუსის გავრცელების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს.

„კომენდანტის საათი დღესვე უნდა გაუქმდეს. ამასთან, უნდა გაუქმდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც ხელს არ უწყობს ინფექციის გადადებას, როგორიც არის მანქანაში 3 კაცის ჯდომა, ქალაქებს შორის ტრანსპორტით გადაადგილება. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ტრანსპორტიც გავიდეს. ესპანეთში ამხელა რაოდენობა იყო და მეტრო არც გაჩერებულა, აკონტროლებდნენ.

„კომენდანტის საათი არ არის ის ღონისძიება, რომელიც შეიძლება ინფექციის გადადების შანსს ამცირებდეს. ეს უბრალოდ მთავრობის „რაღაცაა”, რომ სიტუაციას აკონტროლებს. ღონისძიებები, რომელიც არ არის დაკავშირებული ინფექციის გადადებასთან, ყველა უნდა მოიხსნას არა 22 მაისს, არამედ ხვალვე და ეს არავითარ პრობლემას არ გამოიწვევს,” – დასძინა სურგულაძემ.

უმრავლესობის ყოფილი წევრი და სამედიცინო ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან” საუბრობს გატარებული შეზღუდვების დროზე ადრე მოხსნის შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ამა თუ იმ აკრძალვის გაუქმების პარალელურად უნდა გაგრძელდეს მონიტორინგი – რა მივიღეთ შედეგად.

„შეზღუდვების მოხსნა აუცილებელია, მაგრამ უნდა ვისწავლოთ სიფრთხილე. რეალურად შევეჩვიეთ დისტანციის დაცვას, რომ ვირუსის გადადების ალბათობა მაქსიმალურად შევამციროთ და ალბათ ასეც გაგრძელდება.

„რაც შეეხება იმას, შეზღუდვები როგორ უნდა მოიხსნას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორ კვირაში ერთხელ შეფასდეს რამდენად არ მოყვა ამა თუ იმ შეზღუდვის მოხსნას ვირუსის გავრცელების დაჩქარება. მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სურათი და მონიტორინგი პარალელურად გაგრძელდეს. ამ შეფასების გზით შემდეგ ოპტიმალური ვარიანტი უნდა შევარჩიოთ, მაგალითად, ეს იქნება სწავლის განახლება თუ სხვა,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.