ახალი კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება და პრაქტიკულად საქართველო კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით, ახალ ეტაპზე გადადის; 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება და შესაძლოა, კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც გადაწყდეს. ამის შესახებ 4 მაისს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა.

„თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, იმედი გვქონდეს, რომ თბილისის და რუსთავის გახსნის საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება,” – თქვა მან.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა. ამასთან, ხვალიდან, მუშაობას გაანახლებს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია და ყველა იმ კომპანია, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით.

როგორც გიორგი გახარიამ სხდომაზე თქვა, ყველა კომპანია, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობას განახლებას 5 მაისიდან.

„შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას. მინდა, ამ კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ პასუხისმგებლიანად მოეპყრონ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ,” – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება.

მისივე განცხადებით, ეკონომიკის გახსნისა და აღორძინების საკითხი მთავრობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, თუმცა, ეკონომიკის გახსნა ეპიდემიის ეფექტურად მართვაზე იქნება დამოკიდებული.

„მინდა, გითხრათ, რომ ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა დღეს ჩვენი მთავრობის ნომერი ერთი პრიორიტეტი, მაგრამ პარალელურად, ეს შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს.

„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავდროულად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არც თუ სასიამოვნო მოვლენები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება.

„ამას ხაზგასმით ვიმეორებ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ეკონომიკური აღდგენის ნაწილში ეფექტურები ვიყოთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქმედითი ინსტრუმენტი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი ანალიზია.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა არის 593. დღეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვემატა ოთხი ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 223 და სამწუხაროდ გვყავს ცხრა გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქე.

„ჩვენს მიერ მიღებულ ყველა ნაბიჯში ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი გახლავთ სწორი ანალიზი იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, რომელიც ქვეყანაში არის და იმ მონაცემების, რომელსაც ყოველდღიურად გვაწვდიან პროფესიონალები,” – თქვა გახარიამ.

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.