საქართველო ქვეყნის გახსნის მეორე ეტაპზე გადავიდა და პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით,  5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებებზე მოიხსნება. მისი თქმით, შეზღუდვები ძალაში რჩება თბილისსა და რუსთავში, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. პრემიერმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვები რუსთავსა და თბილისშიც მოიხსნება. 

ამის შემდეგ, ორი კვირის მანძილზე მესამე ეტაპზე გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპზე გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი/კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპზე კი გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში) 

ქვეყნის გახსნის ამ გეგმას სპეციალისტები სხვადასხვაგვარად აფასებენ და ამბობენ რომ გახარიამ, როგორც კრიზისმენეჯერმა შექმნილ სიტუაციას მართალია თავი კარგად გაართვა, თუმცა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სამოქმედო გეგმები და ხედვა ბუნდოვანია. 

ამიტომაც, გარკვეული რიკსები იქმნება, რომ ქვეყანა კი გაიხსნება, მაგრამ ეკონომიკა, როგორ და რა ფორმით ამუშავდება, უცნობია. ყველა ბიზნესს არა აქვს შესაძლებლობა, რომ შეზღუდვებს ამდენი ხნის განმავლობაში გაუძლოს. არსებული აკრძალვები ქვეყანაში 76 დღის მანძილზე იმოქმედებს და მათი აზრით, ეს ბევრი ბიზნეს სფეროსთვის შესაძლოა საერთოდ დამღუპველი აღმოჩნდეს. 

ამის ყველზე დიდი რისკის ქვეშ კი ტურიზმი დგას, რადგანაც სავარუდოდ, ქვეყანა წლის ბოლომდე ვერ გაიხსნება და ფრენები არ აღსდგება. ეს კი ქვეყნაში ტურიზმს სრულიად გაანადგურებს. 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო იქნება  ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და ტურისტების მიმოსვლა დაიწყება. მისი თქმით, მთავრობა სპეციალურად ტურიზმის სექტორისთვის განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას ამზადებს. 

„ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო წლის დასასრულიდან გახდეს უსაფრთხო ადგილი, რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო. ტურიზმის მიმართ ახალი მოთხოვნები დაისმევა. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და კვლავ დაიწყება ტურისტების მიმოსვლა. ეს გეგმაც მუშავდება“, – განაცხადა თურნავამ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  ბიზნესის მექანიკური გახსნა აპრიორი  ბიზნესის ამუშავებას არ გულისხმობს. მისი აზრით, მთავარი ის არ არის, როდის და რა დროის ინტერვალებით გახსნის ქვეყანას ხელისუფლება, არამედ ის, თუ როგორ მოხდება ძალიან ბევრი ბიზნესსექტორის ისევ ამუშავება. მისი აზრით, ტურიზმი დღესვე რომ გაიხსნას, აზრი არა აქვს, რადგანაც ტურისტი არ არის. ასევე, ფრენები რომ აღსდგეს რა აზრი აქვს, რადგანაც ბევრ ქვეყანას საზღვრები ჯერ ისევ ჩაკეტილი აქვს. ხუხაშვილის აზრით, მთავარია ახლა შემუსავდეს გეგმა რას და როგორ აამუშავებენ. 

„გახარიას და მის გუნდთან კითხვები არა წარსულში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, არამედ მომავლის ხედვის არარსებობასთან დაკავშირებით არსებობს. კრიზისის მართვის თვალსაზრისით თავი გაართვეს და შენიშვნები დიდად ვერ გვექნება. ქვეყანაში შეზღუდვების შემოტანის კუთხით ხელისუფლებას სერიოზული შეცდომები არ დაუშვა, გარდა ერთისა, როცა აღდგომის შემდეგ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა გააგრძელა. 

“მთავარი პრეტენზია მაქვს იმ მიმართულებით, რომ ხელისუფლებისგან რეალური ეკონომიკური რესტარტის გეგმა ჯერ არ მოგვისმენია. ტურიზმის გაცოცხლების პერსპეტქივა ჯერ ბუდნოვანია, რადგანაც სტრესიდან ჯერ მსოფლიო არ გამოსულა. 

ამიტომ დღეს უფრო მაქვს მომავლის შფოთი, ვიდრე ოპერატიული მენეჯმენტის“,-ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე ხელისუფლება და გახარია მეტ-ნაკლებად სწორად  მოქმედებდნენ. მისი აზრით, ხელისუფლებას თუ ქვეყნის ამ კრიზისიდან სწრაფად გამოყვანა უნდა, ეკონომიკის გახსნის კუთხით სწრაფი ნაბიჯები უნდა გადადგას. 

„ამ 1 თვის განმავლობაში ქვეყანაში სიტუაცია სწრაფად  შეიცვალა, როგორც დაავადების გავრცელების, ასევე ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. ამიტომ ხელისუფლებას ახლა სწრაფი და გონივრული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. მგონია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ამუშავება სწრაფად უნდა მოხდეს. 

“ბათუმთან და ქუთაისთან ერთად, თბილისისა და რუსთავის გახსნაც გაცილებით სწრაფად უნდა მოხდეს და ასევე, უნდა აღდგეს სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.  ვიცით, რომ ახლა მოსავლის აღების პერიოდი იწყება კახეთშიც და სხვა რეგიონებშიც და სიტუაცია საკმაოდ გამწვავდება

გვესმის, რომ მედიკოსები მოითხოვნდნენ მაქსიმუმს და ხელისუფლებას ამის გათვალისწინება მოუწია. ეს მისაღები და სწორი  გადაწყვეტილებები იყო, მეორე მხრივ, ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური ვითარება მოითხოვდა თავის წილს, ამიტომ ხელისუფლებას ამ ორ პრობლემას შორის უნდა მოეძებნა ყველაზე სწორი და ოპტიმალური გზა. ჩვენ შევძელით პანდემიასთან მეტ-ნაკლებად გამკლავება, მაგრამ ამასთანავე აუცილებელია, რომ ეკონომიკა სწრაფად გაიხსნას“, – განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან“.  

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.