„კარანტინის დროს ფსიქოლოგიური აფეთქების მუხტმა კონფლიქტების გაღვივება მოახდინა” – ასე აფასებენ ექსპერტები „რეზონანსთან” კორონავირუსის პერიოდში მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტების წარმოშობასა თუ გამწვავებას.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კონფლიქტი, რომელიც კორონავირუსის ფონზე გამწვავდა, სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირებაა, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრში მიმდინარეობს – მხარეები არა მთიან ყარაბაღში, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ პანდემიამ ქვეყნებს შორის დაწყებული კონფლიქტები არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ მთელს მსოფლიოში რამდენიმე ახალი კონფლიქტიც კი წარმოშვა.

„პანდემიის ფონზე სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, კორონავირუსმა არათუ ესკალაციის მოყინა, არამედ მთელს მსოფლიოში რამდენიმე კონფლიქტიც წარმოშვა. მაგალითად, თურქეთსა და ეგვიპტეს შორის სავარაუდო ომის რეალური საფრთხეა, ასევე სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა სირიაშიც, რუსულ-თურქულ კონვოიზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა და იქ უკვე სერიოზული სამხედრო შეტაკებები ხდება.

„სიტუაციის ესკალაციაა დონბასის კონფლიქტის ზონაშიც, ადგილობრივ სეპარატისტებსა და უკრაინის შეიარარებულ ძალებს შორისაც ხორციელდება.

„საქართველოში ოკუპაციამაც ახალი სახე მიიღო, იმ კუთხით, რომ ჩვენი მოქალაქეების გატაცება ძალიან მაღალი ინტენსივობით ხორციელდება, რაც არანაკლებ ცუდი პროცესია, ვიდრე ტერიტორიების ოკუპაციის განხორციელება. ბოლოს კი ისეთ დონეზე მივიდნენ, რომ რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურებმა ამერიკელების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული ომი გამართეს.

„როდესაც ჩვენი მოქალაქე დაიჭირეს და დააბრალეს, რომ ღამურების დაჭერა ამერიკის სპეცსამსახურებმა დაავალეს. ეს უკვე კომიკურიც აღარაა, ეს პიროვნება ღამურებს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ ნახავდა თუ რა? ამ დონეზე მივიდნენ, რომ რუსები და მათი ცხინვალის მარიონეტები უკვე ამერიკელების წინააღმდეგ წავიდნენ.

„რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს, ამას დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტის სპეციფიკა აქვს მინიჭებული. საერთო ჯამში, ამ ორ სახელმწიფოს შორის სრულმასშტაბიანი ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, ორივე სახელმწიფო ფსიქოლოგიურ, საინფორმაციო, კიბერ-ომის აბსოლუტურად ყველა საშუალებას და ელემენტს იყენებს, შეზღუდული სამხედრო შეტაკებებიც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„იმედია ჰიბრიდული ომი ფართომასშტაბიან კონვენციურ ომში არ გადავა ლოკაციურ ომის სახით და შემდგომში რეგიონალური ომის სახეს არ მიიღებს.

„ანალოგიური ტიპის ჰიბრიდული ომი პანდემიის ეპიცენტრის ინდოეთისა და ჩინეთს შორისაც მიმდინარეობს, სიტუაცია ავღანეთშიც დაიძაბა, მე ადრე აღვნიშნე, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ფსიქოლოგიური ტალღის ამოხეთქვა საკმაოდ ცუდ როლს ითამაშებს მეთქი და სამწუხაროდ კარანტინის დროს ფსიქოლოგიური აფეთქების მუხტმა კონფლიქტების გაღვივება მოახდინა.”- განაცხადა მაისაიამ.

კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე საქართველოში კონფლიქტი არ გამწვავდება, რადგან ქართული მხარის მიერ ამ მხრივ არანაირი მობილიზაცია არ შეინიშნება.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეს (კონფლიქტის გამწვავება) გამორიცხულია იმიტომ, რომ საქართველოში სიტუაციას კარგად ვფლობთ და ჩანს, რომ ქართული მხარე მობილიზაციურ მოქმედებებს არანაირად არ ახდენს, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის” დროს 2005,2006, 2007 წლებში ჩანდა.

„ახლა არც ბიუჯეტი, არც შეიარაღების შესყიდვები, არც არმიის გაზრდა-შემცირების არანაირი ფორმები, არანაირ ნიშანს იძლევა იმისას, რომ შესაძლოა საქათველოს ტერიტორიაზე რაღაც ფორმით, მეტ-ნაკლებად ფართომასშტაბიანი შეარაღებული დაპირისპირება განხორციელდეს, თუმცა გარკვეული ინციდენტები სახეზეა, როცა სოფელ წნელისთან ინიცირებული იყო საგუშაგოების დადგმა.

„მაშინ მხარეები ერთმანეთს აბრალებდნენ, სამწუხაროდ ეს ინიციატივები ერგნეთის შეხვედრებზე განხილული არ იყო, მას შემდეგ ეს დაძაბულობა არსებობს, ამან შემდეგ ახალგორის ჩაკეტვა გამოიწვია, შემდეგ პანდემია დაემატა, ადამიანები გამოიკეტნენ ვერ გადმოდიან და ამას რამდენიმე ადამიანის სიკვდილიც კი მოჰყვა, რომ მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა დროზე ვერ მოხდა.

„მე არ მგონია, რომ ეს ტემპერატურა, რომელიც აწეულია და რომელიც კარგი არაა, უფრო მეტად აიწიოს.

„რაც შეეხება ყარაბაღს, ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს დაგეგმილი და წინასწარ განზრახული ინციდენტი არ იყო, ეს აშკარად სპონტანური იყო, მხარეები ცდილობენ, რომ ამ ინციდენტიდან ისე გამოვიდნენ, რომ თავიანთი სახე არ დაკარგონ, ანუ არცერთმა მხარემ არ მოინდომა ესკალაცია გაეგრძელებინა და ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაეყვანათ.

„ეს სიტუაცია სპონტანურად დარჩა და ამ ეპიზოდმა ყველას საშუალება მისცა დაენახა, თუ რომელი გეოპოლიტიკური მოთამაშე როგორ მოქმედებს და სამწუხაროდ ვნახეთ, რომ აშშ და ევროკავშირი მხოლოდ სწორი და სამშვიდობო განცხადებებით შემოიფარგლნენ, მაშინ როცა თურქეთმა და რუსეთმა პოზიციები კიდევ უფრო მკაფიოდ გაიმყარეს.

“რუსეთი შეეცადა, რომ დამბალანსებელი ნეიტრალური ყოფილიყო, თურქეთი კი აზერბაიჯანს მკაფიოდ და ცალსახად ზურგში ამოუდგა იმ გათვლით, რომ რუსეთს ვალდებულებები აქვს, რომ სომხეთს დაეხმაროს და შესაბამისად სიტუაცია გაათანაბრა.

„მგონია, რომ თურქეთმა ამით სიტუაცია დააბალანსა და ამით სიტუაცია სიწყნარისკენ მიდის და მაქსიმუმ შესაძლოა ერთ კვირაშიც კი ჩვენ ვიხილავთ, რომ რუსეთი ამ ესკალაციის და ეპიზოდის ჩაქრობას მოახერხებს, ჩანს რომ სიტუაცია სიღრმისკენ არ მიდის, თუმცა ამან შესაძლოა გარკვეულწილად დაპირისპირება უკვე ყარაბაღის მიმართულებით გამოიწვიოს.

„რაც ახლა მოხდა, ეს ყარაბაღის ტერიორიაზე არ იყო, ეს უფრო საქართველოს საზღვართანაა, ეს ყარაბაღის ტერიტორიისგან ძალიან შორსაა, ყარაბაღში აშკარად უფრო მაღალი ტემპერატურაა და აქ მოლოდინები, რომ შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება განახლდეს, საკმაოდ მაღალია, იმიტომ , რომ იქ თანამედროვე, სრულყოფილი და მოდერნიზირებული შეიარაღებაა და მხარეები ყოველთვის მზად არიან, რომ თუ რამე ექსცესი მოხდა, თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვიტონ.

„ამიტომ ყარაბაღი ფეთქებადსაშიში რეგიონია, აქ მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ ეს არ მოხდეს, ეს არავის ინტერესებში არაა, არც რუსეთის, არც თურქეთის და არც ირანის, საქართველო კი ერთადერთი მეზობელი სახელწიფოა, რომელიც დაინტერესებულია, რომ კონფლიქტი ოღონდ დასრულდეს, ოღონდ მშვიდობა იყოს და ბაქოსა და ერევანს შორის ორივე ქვეყნისთვის მისაღები ხელშეკრულება მიიღონ.

„რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყანაში მთელი ევროკავშირია ჩართული, სამწუხაროდ საქართველოს მიმართ ასე არაა. უკრაინაში რუსეთის მთავარი ამოცანა ყირიმი იყო, აქედან რომ ყურადღება გადაეტანა პრობლემები დონბასში შექმნა, რომელსაც ასე ვთქვათ არ ითვისებს, დონბასს ვერც უკრაინა და არც რუსეთი არ ჰპატრონობს,

„ზელენსკის მოსვლის შემდეგ რუსეთისთვის იმედები გაჩნდა, რომ პროცესები წინ წასულიყო, მაგრამ ზელენსკიც მიხვდა, რომ რუსეთი საიმედო და სანდო პარტნიორი არაა და ვერაგი სახელწიფოა და მისი მიზანია, რომ მეზობელი სახელმწიფოები ინვალიდურ რეჟიმში ჰყავდეს, ესაა რუსული პოლიტიკა ავი ძაღლის ვარიანტში, რომ არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს.”- განაცხადა მან.

მისივე აზრით, არჩევნებამდე სამშვიდობო პროცესის მიმართულებით არანაირი ძვრები არ იქნება და საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მიერ შეთავაზებულ პირდაპირ დიალოგზე არ წავა, რადგან მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ეს ოპონენტების კრიტიკას გამოიწვევს და ამას თავს არიდებს.

„ჩემი აზრით პანდემიამ კონფლიქტების მოგვარებას ზოგადად ხელი ვერ შეუწყო, აფხაზეთში გარკვეული ცვლილებები მოხდა, დე ფაქტო ხელისუფლება შეიცვალა, მოსულმა ე.წ. ხელისუფლებამ საქართველოსთან ურთიერთობაზე გარკვეული მოლოდინები გააჩინა, ბჟანიამ არაერთხელ გააჟღერა, რომ ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგი არაა.

„სამწუხაროდ ქართული მხარე ამაზე არანაირად არ რეაგირებს, ამას დაემთხვა ისიც, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით მინისტრი არ გვყავს, ეს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულ თეთრ ლაქას და ვაკუუმს ქმნის იმიტომ, რომ მაშინ ჩვენგან რადგან მინისტრი არ გვყავს აფხაზურ მხარესთან უნდა გავიდეს, ან პრემიერ-მინისტრი, ან ამ დონის წამყვანი ფიგურა, მაგრამ ახლა მათ ამისთვის არ სცხელათ, მათი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„ამ ფონზე კი ბუნებრივია აფხაზეთთან ურთიერთობებმა შიდა კონტექსტში შესაძლოა მდგომარეობა კიდევ დაძაბოს და ოპოზიციას კრიტიკის შანსი მისცენ, ამიტომ მგონია, რომ სამწუხაროდ არჩევნებამდე სამშვიდობო პროცესის მიმართულებით რაღაც ძვრებს არ ველოდები” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში “ყველა ვიდეო”

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

წყარო: რეზონანსი

By admin