მიმდინარე წლის სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში საათობრივი პარკირების სისტემა ამუშავდება. საბურთალოს ტერიტორიაზე ავტომანქანის ერთი საათით გაჩერების საფასური 1 ლარი იქნება რაც იმას ნიშნავს, რომ ფიქსირებულ პარკირების გადასახადთან, მოქალაქეებს დამატებით, საათში ერთი ლარის გადახდა მოუწევთ. მაგალითად, იმ ადამიანებს, ვინც მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ „თბილისი პარკინგის“ საფასურთან ერთად, დღეში დამატებით 10 ლარის გადახდა მოუწევთ.

ახალი ინიციატივა ქალაქის მერმა კახა კალაძემ, „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“-ის პრეზენტაციის დროს განაცხადა. კალაძის განცხადებით ზონალურ საათობრივი პარკირების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონსაც მოვიცავს.

კერძოდ პარკირების ახალი სისტემა დაინერგება ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე, ყაზბეგის გამზირზე – კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე).

საბურთალოს რაიონში სულ განსაზღვრულია ზონალურ-საათობრივი პარკირების 1 039 ადგილი: ყაზბეგის გამზირი – 371 ადგილი; პეკინის გამზირი – 209 ადგილი; ვაჟა-ფშაველას გამზირი – 305 ადგილი; ბახტრიონის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 52 ადგილი; სულხან ცინცაძის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 31 ადგილი; ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 71 ადგილი. მერიის თქმით, ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია, მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ დააპარკინგოს.

აღნიშნულმა ინიციატივამ საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია და არც თუ უსაფუძვლოდ. საქმე ის გახლავთ, რომ საათობრივი პარკინგი ევროპის ბევრ ქალაქში არსებობს და სწორედ ევროპული მიდგომის გადმოღება სურს ქალაქის მერს. თუმცა, როგორც ჩანს თბილისის მერიას ერთი „უმნიშვნელო“ დეტალი გამოეპარა. კერძოდ კი საათობრივი პარკინგის სისტემას თან უნდა ახლდეს მთელი საპარკინგე და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება. რაც, თავის მხრივ მომხმარებელს მრავალი არჩევანის საშუალებას აძლევს, იქნება ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის არჩევა, მიწისზედა თუ მიწისქვეშა პარკინგით სარგებლობა.

თუ არსებულ რეალობას შევხედავთ ერთი შეხედვით თბილისის მერია ამ პრობლემის გადაჭრას ბოლოდან იწყებს და ჯერ საათობრივი პარკირების სისტემასა და ჯარიმა-სანქციის მექანიზმებს ატარებს, ხოლო შემდეგ გვპირდება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებასა თუ დამატებითი საპარკინგე ადგილების შექმნას.

თუმცა, როგორც დასაწყისში ვახსენეთ ყველაფერი არც მთლად ასე მარტივადაა. საქმე ის გახლავთ, რომ თბილისის მერია უკვე წლების განმავლობაში ცდილობს მიწისზედა თუ მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მოწყობას მაგრამ უშედეგოდ.

მაგალითად სწორედ საბურთალოს რაიონში, იქ სადაც მერიას რამდენიმე თვეში საათობრივი პარკინგის სისტემა შემოაქვს, ჯერ კიდევ 2017 წელს ცდილობდა ქალაქის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას, თუმცა უშედეგოდ. კერძოდ მერიამ პეკინი-მიცკევიჩის კვეთაზე 200 ავტომობილისთვის მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობაზე ინტერესთა გამოხატვა 2017 წლის სექტემბერში გამოაცხადა. თუმცა არცერთ ინვესტორს ინტერესი არ გამოუთქვამს და პროექტიც დაპირებად დარჩა.

ამის შემდეგ მერიამ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა უკვე „რუსთაველზე“ გადაწყვიტა. კერძოდ, თბილისის მერიამ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინიგის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას 2018 წლის თებერვალში გამოაცხადა. მერიის გადაწყვეტილებით რუსთაველზე 180 ადგილიანი პარკინგი უნდა მოწყობილიყო, რომლის 5%-იც ელექტრომობილებს დაეთმობა. კომპანია, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკინგს მოაწყობდა, ელექტრომობილების შესაბამისი რაოდენობის დამტენებიც უნდა დაემონტაჟებინა. ინტერესთა გამოხატვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ინტერესი ისევ არავის გამოიუხატავს. მერიის გათვლით კი გამარჯვებულ კომპანიას 3 მილიონი ლარის ინვესტირება მოუწევდა.

როგორც ვხედავთ იმდენად, რამდენადაც მერიამ საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა ვერ მოახერხა, პრობლემის მოგვარება მარტივი გზით, სანქციებით გადაწყვიტა და თანაც ამ პრობლემის გადაწყვეტა ბოლოდან დაიწყო.

ამის ნათელი დასტურია თავად ქალაქის მერის განცხადებაც იმის თაობაზე, რომ მოსახლეობამ საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა მიანიჭოს უპირატესობა და ზონალური პარკინგიც ერთ-ერთ მიზნად ამას ისახავს. თუმცა თავად ქალაქის მერი მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგებას მხოლოდ წლის ბოლოსთვის ვარაუდობს მაშინ როდესაც უკვე 2 თვეში ზონალური პარკირების სისტემა ძალაში შედის.

პეტრე ინაური

ბანკები და ფინანსები

By admin