ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის ხელჩართული უშუალო შეტაკებები მიმდინარეობს, გარჩევები და გაწევ-გამოწევა ალეპო-დამასკოსთან დამაკავშირებელი გზის გამო ხდება, რომელიც ანალიტიკოსთა აზრით ენერგოუსაფრთხოების თემატიკას უკავშირდება.

“ასეთი შეტაკებები თვეში რამდენჯერმე ხდება. მაგრამ ამ დროისთვის მათ ვითარება ესკალაციის გარეშე მოაგვარეს”-აღნიშნა სირიაში, აშშ-ის კოალიციის საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა, მაილს კაგინსმა.

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი” წერს, რომ ტვიტერზე შეტაკებების ამსახველი ვიდეო გამოჩნდა, სადაც ჩანს რომ ქალაქ ელ-ჰასაქის მახლობლად, რუსული ჯავშანმანქანები ამერიკულ მოდერნიზებულ (M-ATV) ჯავშანმანქანებს თავს ესხმიან.

ამჯერად ამერიკას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 600-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, ხოლო ეტ-ტანფის სამხედრო ბაზაზე კი კიდევ დამატებით 150 ჯარისკაცი.

დაახლოებით ერთი წლის წინ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული კონტინგენტი გაიყვანა, ხოლო ნაწილი კი ნავთობსაბადოების დასაცავად დატოვა.

ამავე დროს რუსი სამხედრო დანაყოფები და დაქირავებული „ვაგნერის” მებრძოლები ბაშარ ალ-სსადის რეჟიმის მხარეს იბრძვიან, რეჟიმმა კი ძალის დახმარებით გარკვეული ტერიტორიები, რომლებიც ოპონენტებს ჰქონდათ დაკავებული, კონტროლქვეშ აიყვანა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” ამბობს, რომ სირიაში ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის გარჩევები და შეტაკებები დროდადრო ხდება ხოლმე, რომელიც ენერგოუსაფრთხოების თემას უკავშირდება და შესაძლოა სერიოზულ შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდოს.

„რუსეთსა და ამერიკელების სამხედროებს შორის ისეთივე შეტაკებები ხდება, როგორიც ჩინელ და ინდოელ სამხედროებს შორის ხდება, ანუ რუსეთის სამხედრო და ვაგნერის ჯგუფი ამერიკელ კონვოებს თავს ესხმიან, რუსული ჯგუფების მიმართ შეფერხებებს ასევე ამერიკელებიც ახორციელებენ, ფაქტიურად ერთგვარი ხელჩართული ბრძოლაა და გაწევ-გამოწევაა.

„მაგალითად გუშინ რუსულმა ჯავსანტრანპორტიორმა ამერიკული კონვოი გააჩერა და ამერიკელ და რუს სამხედრო მოსამსახურეებს შორის ხელჩართული ბრძოლა იყო, ამერიკელებს სირიაში საერთო კონტინგენტი 750 კაცს შეადგენს, ხოლო რუსეთის კი ათჯერ მეტია.

„როგორც ჩანს სიტუაცია იძაბება და სიტუაცია სადამდე მივა არავინ არ იცის, ხომ შეიძლება ერთ დღესაც როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ნერვებმა უმტყუნოს და შეიარაღებულ შეტაკებაზე გადავიდნენ.

„აღმოსავლეთში რუსეთსა და ამერიკას შორის სერიოზული დაპირისპირებაა, ამერიკელებს არ უნდათ რომ სიტუაცია დათმონ იმიტომ, რომ აქ ნავთობია, ნავთობით ასევე რუსებიც არიან დაინტერესებულნი, ფასები ეცემა და ვინც ნავთობს გააკონტროლებს მას საკმაოდ სერიოზული ტიპის ბერკეტები იქნება, რომ შემდგომში ნავთობის ფასებზე რეგულაცია მოახდინოს, აქ ენერგოგეოპოლიტიკური ინტერესებია.

„ეს ყველაფერი ენერგოუსაფრთხოების თემატიკას უკავშირდება, ამჯერად კონფლიქტის ზონა დეირ-ეზ-ზორი პროვინცია, რომელიც ნავთობით მდიდარია, რომელიც ემ-4 ტრასას უერთდება და რომელიც ალეპოს დამასკოსთან აკავშირებს, დაპირისპირებები სწორედ აქ ხდება, რუსებს უნდათ, რომ „ისლამური სახალიფოს” მიერ დატოვებული ნავთობსამრეწველოები ხელში ჩაიგდონ, ასევე ის პოტენციური სატრანზიტო ტერიტორიები და მილსადენები, ამერიკელები კი ასევე ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი თავიანთვის გამოიყენონ.

„ამერიკელ სამხედროებს სამხედრო საზღვაო და საჰაერო მხარდაჭერა, მაგრამ რუსებს უფრო მეტი სახმელეთო კონტინგენტი გააჩნიათ, პლიუს ვაგნერის დაქირავებული ჯარისკაცები, რომლებიც ეროვნულ თავდაცვის ცენტრს ემორჩილებიან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დავალებებს ასრულებენ და მათი რაოდენობა კი დაახლოებით 5 ათას ადამიანს მოიცავს, რომელთა მოქმედებაც აგრესიულია.”-განაცხადა მაისაიამ.

წყარო: რეზონანსი

By admin